უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით სანქციების თავიდან არიდებას ცდილობს. მათი თქმით, რუსეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტისთვის.

უწყების თქმით, პროდუქციის მიწოდება იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის გამოყენებით და ასე გატანა მესამე ქვეყნებში. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ,ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ასეთი კომპანიაა შექმნილი.

დაზვერვის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სომხეთი რუსულ კომპანიებს ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნის, განსაკუთრებით IT სფეროში. მათი ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან სომხეთში 85 000-მდე რუსეთის მოქალაქე და IT კომპანია ჩავიდა. რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთში დააარსეს 1000-მდე კერძო საწარმო და 250-ზე მეტი შპს, რომლებიც გადასახადებს გადაიხდიან როგორც სომხეთის, ისე რუსეთის ბიუჯეტში.

დაზვერვის თანახმად, მოსკოვი გეგმავს, ორგანიზება გაუწიოს CSTO-ს ქვეყნებში (რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი) რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის კომპონენტების წარმოებას. მათი ინფორმაციით, კრემლის ინტერესებშია, გაზარდოს CSTO-ს წევრი ქვეყნების ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე.