რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნაცისტ დიქტატორ ადოლფ ჰიტლერს "ებრაული სისხლი ჰქონდა", შესაბამისად ზელენსკის "ნაცისზმს" მისი ებრაული სისხლი არ ცვლის.

"ზელენსკი წამოაყენებს არგუმენტს: როგორ იქნება ნაცისტი, თუ ის ებრაელია. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან", — თქვა ლავროვმა.

ამ განცხადების შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა, ხოლო მინისტრმა განაცხადა, რომ ლავროვის განცხადება საშინელი ისტორიული შეცდომაა და მისგან ბოდიშს ელიან.

"ლავროვის განცხადება არის როგორც მიუტევებელი და აღმაშფოთებელი განცხადება, ასევე საშინელი ისტორიული შეცდომა, ველოდებით ბოდიშს", — განაცხადა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა.

დანი დაიანმა, რომელიც ხელმძღვანელობს იად ვაშემის ჰოლოკოსტის ხსოვნის ადგილს ისრაელში, დაწერა, რომ ლავროვის განცხადება ისტორიის სრული დამახინჯება და ნაციზმის მსხვერპლთა მიმართ სერიოზული შეურაცხყოფაა.