2022 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12,8% შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. როგორც უწყების ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოში ინფლაციის დონე კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.

ფოტო: საქსტატი

აპრილში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტისა და სურსათის გაძვირებამ მოახდინა. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 22,4%-ით, ხოლო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში 21,3%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21,3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6,77 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (46,2%), პური და პურპროდუქტები (28,8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24,1%), ზეთი და ცხიმი (20,8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (19,3%), თევზეული (18,9%), რძე, ყველი და კვერცხი (18%), ყავა, ჩაი და კაკაო (17,6%), ხილი და ყურძენი (14,4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10,9%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22,4%-ით, რაც 2,7 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29,1%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (10,8%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3,9%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9,4%-იანი მატება, რაც 0,97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14,4%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11,2%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (6,5%).

მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, 30 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუქტით, 11%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც, 192 000-მდე მსესხებელს სესხის პროცენტი გაუძვირდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.