რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 9 მაისი რუსეთში გამარჯვების დღეა. დასავლელი ოფიციალური პირები დიდი ხანია ფიქრობენ, რომ პუტინი ამ დღის სიმბოლურ მნიშვნელობასა და პროპაგანდისტულ ღირებულებას გამოიყენებდა, რათა უკრაინაში სამხედრო მიღწევა, საომარი მოქმედებების ძირითადი ესკალაცია ან ორივე ერთად გამოაცხადოს.

"ვფიქრობ, ის შეეცდება სპეციალური ოპერაცია შეცვალოს. ის ამზადებდა ნიადაგს, რათა შეძლებოდა ეთქვა, რომ შეხედეთ, ეს ნაცისტების წინააღმდეგ ომია და მე მეტი ხალხი მჭირდება", — ამბობს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი LBC Radio-სთან.

30 აპრილს უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეეცდება ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა 9 მაისამდე ხერსონის ოლქში ფსევდორეფერენდუმი ჩატარდეს, თუმცა ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში "სპეცოპერაციის" 9 მაისს დასრულებას ხელოვნურად არ შეეცდება.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში