შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 25 ადამიანის დააკავეს, რომელთაგან 2 ხელწერილით გათავისუფლდა, ხოლო სხვები დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

შსს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები და გამოიწვიეს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება. მათივე მტკიცებით, როცა ხალხის რაოდენობა შემცირდა გზის გახსნა სცადეს, რასაც აქტივისტები შეეწინააღმდეგენ.

"პოლიციის მხრიდან არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინათ გზა, განაგრძეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება", — აცხადებენ შსს-ში.

აჭარის მთავრობის სახლთან ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქცია გუშინ, 6 მაისს გაიმართა. საღამოს აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო.

"როგორც კი 12 საათს გადასცდა მთელი დასავლეთ საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმი მოვარდა და დაიწყო პირდაპირ დარბევა. აბსოლუტურად ყველა კარავი დარბეული აქვთ, გატაცებული აქვთ. ყველაფერი დაამტვრიეს და პირდაპირ ცემა–ტყეპით ჩააგდეს [მანქანაში] ყველა, ვინც კითხვას უსვამს, აკავებენ", — განუცხადა აქციის მონაწილემ ფორმულას.

უწყება მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

27 აპრილს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, თუმცა ეს საკმარისი არაა. ნევროლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი ცილოვანი საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რასაც ცილოვანი შიმშილი მოსდევს. მისივე თქმით, ის ცილები, რომელიც სააკაშვილს არ მიეწოდება, ორგანოებისა და კუნთების დაშლას იწყებს.