უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 226 ბავშვი დაიღუპა, 415-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკსა და კიევის რაიონში ემსხვერპლა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

პროკურატურის განცხადებით, 8 მაისს ცნობილი გახდა 13 წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ, რომელიც იმყოფებოდა კერძო მანქანების კოლონის ერთ-ერთ მანქანაში, რომელსაც 4 მაისს ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში ცეცხლი გაუხსნეს.

მათივე ცნობით, დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 1 635 სასწავლო დაწესებულება, ხოლო 126 მათგანი მთლიანად განადგურებულია.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში