ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულს — Green Vals Trust-ს გერნსის სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ დაქირავებული PR კომპანია, Cision-ი წერს.

Cision-ი შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულს — Green Vals Trust-ს ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით ვალდებულებების სერიოზულ დარღვევასა და მისი კლიენტის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ კომპანიის ბენეფიციარებმა Credit Suisse-ს რამდენჯერმე გაუგზავნეს წერილი, სადაც რწმუნებულის მხრიდან დარღვევებზე საუბრობდნენ.

როგორც ირკვევა, Credit suisse-ის მხრიდან დაზარალებულებმა თანხის გაცემა 2022 წლის 4 მარტს მოითხოვეს, რომელზეც თანხმობა რწმუნებულმა კომპანიამ მიმდინარე წლის 4 აპრილს გასცა. Cision-ის მტკიცებით, ამან მის კლიენტებს ფინანსური ზარალი მიაყენა.

Cision-ის ინფორმაციით, Credit Suisse-ის რწმუნებულმა კომპანიამ თანხის გადაცემის შეფერხება "აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გარემოთი" დაასაბუთა. ივანიშვილის PR კომპანია წერს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის სხვა ბენეფიციარებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან არანაირი კავშირი აქვთ და არც რაიმე ტიპის სანქციებს ექვემდებარებიან.

"საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს აქვს ორმაგი მოქალაქეობა: საფრანგეთის და საქართველოს. ის არ არის და არც შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებულ ორგანიზაციებთან და პირებთან", — წერია Cision-ის განცხადებაში.

Cision-ის შეფასებით, ივანიშვილი Green Vals Trust-ის მიერ დისკრიმინაციის მსხვერპლია და Credit Suisse-ის მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის.

ივანიშვილის მიერ დაქირავებული კომპანია წერს, რომ გარდა 2022 წლის 4 მარტის მოთხოვნისა, ივანიშვილმა 2022 წლის 14 აპრილის შეთანხმების შედეგად, თანხის გადანაწილებით მიღების ინსტრუქცია გასცა. Cision-ის თქმით, ეს პროცესიც ბენეფიციარის უფლებების დარღვევით მიმდინარეობს.

"ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ გრძელდება მისი აქტივების მართვა. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც რწმუნებული კომპანიის ქმედებები ტოტალურად ეწინააღმდეგება იმ მიზნებსა და პრინციპებს, რომელიც მას უნდა ჰქონდეს.

რეალურად, რწმუნებული კომპანიის ქმედებები ურთიერთგამომრიცხავია, არ გააჩნია ეკონომიკური დასაბუთება და ქმნის სახიფათო პრეცედენტს. ბენეფიციარების პოზიცია ნათლად არის ჩამოყალიბებული 2022 წლის 14 და 29 აპრილის წერილებში, რომლებსაც რწმუნებული კომპანიის მხრიდან პასუხი არ გაეცა, რადგან მას სათქმელი აღარაფერი აქვს.

ყველაზე მეტად საინტერესო ის არის, რომ ბანკი (Credit Suisse) საკუთარ ქმედებებსა თუ უმოქმედობას საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირებს, რაც პოლიტიკური ზეწოლის ფორმას იღებს.

კლიენტს (ბიძინა ივანიშვილს) განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი ახსნა აქვს და დეტალებს თავის დროზე მოგაწვდით. ეს არ არის დაკავშირებული კლიენტსა და ბანკს შორის სასამართლო დავასთან და მის შედეგებთან — სამართლებრივი დავების შედეგები, როგორც წესი, ცხადი და განჭვრეტადია" — წერს ბიძინა ივანიშვილის სპიკერი.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ დაქირავებული PR კომპანიის თქმით, ბიძინა ივანიშვილი უახლოეს კვირებში საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების სერიის მოწყობას აპირებს, სადაც დეტალურად ისაუბრებს, თუ როგორ მუშაობს Credit Suisse და, ზოგადად, შვეიცარიული საბანკო სისტემა.

მიმდინარე წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-ს დავა მოუგო. სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს ივანიშვილისთვის 500 მილიონის გადახდა დაეკისრა.

ივანიშვილმა Credit Suisse-ს უჩივლა, რადგან მისი თქმით, ბანკმა ვერ შეძლო მათი ბანკირის, პატრის ლესკადრონის თაღლითობის შეჩერება, რამაც ივანიშვილს 400 მილიონ დოლარზე მეტი დააკარგვინა.

ივანიშვილი ერთ-ერთია იმ, სულ მცირე, 5 ადამიანს შორის, რომლებიც ბანკის წინააღმდეგ დავას აგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ლესკადრონის ბრალი 2018 წელს დაუმტკიცდა. ისინი არ აღიარებენ, რომ ბანკმა ლესკადრონის თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდა.

პატრის ლესკადრონის საქმე 2015 წელს გახმაურდა, როცა ბანკირმა აღიარა, რომ აყალბებდა ხელმოწერებსა და სავაჭრო ტრანზაქციებს. როგორც Credit Suisse ამტკიცებს, ბანკირი, რომელმაც 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მარტო მოქმედებდა.