ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როცა კონკრეტული შვეიცარიული ბანკი ერთი თვის განმავლობაში თანხის გადარიცხვას აფერხებს, ეს დამატებით კითხვებს აჩენს. მისივე თქმით, თუ ვინმეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნება და ომში ჩართვა უნდა, მმართველი პარტიის დამფუძნებელს "კარად არ იცნობს".

"შვეიცარიული საბანკო სისტემა, იცით, რომ სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა ათწლეულების განმავლობაში და მთელი სახელმწიფო სისტემა იდგა, პრაქტიკულად, ამაზე. და როდესაც, ასეთი საბანკო სისტემის ერთ-ერთი ნაწილი, კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს, რა თქმა უნდა, დამატებით კითხვებს აჩენს.

არ ვიცი, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს, თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელი და არასწორია და თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს, მე ვფიქრობ, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს, არ ახსოვს, მათ შორის, ის თავდადება და თავგანწირვა, რაც ამ კაცმა გამოავლინა 2012 წელს", — აცხადებს ის.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ რწმუნებულს — Green Vals Trust-ს გერნსის სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ დაქირავებული PR კომპანია, Cision-ი წერს.

Cision-ი შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულს — Green Vals Trust-ს ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით ვალდებულებების სერიოზულ დარღვევასა და მისი კლიენტის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ კომპანიის ბენეფიციარებმა Credit Suisse-ს რამდენჯერმე გაუგზავნეს წერილი, სადაც რწმუნებულის მხრიდან დარღვევებზე საუბრობდნენ.

როგორც ირკვევა, Credit suisse-ის მხრიდან დაზარალებულებმა თანხის გაცემა 2022 წლის 4 მარტს მოითხოვეს, რომელზეც თანხმობა რწმუნებულმა კომპანიამ მიმდინარე წლის 4 აპრილს გასცა. Cision-ის მტკიცებით, ამან მის კლიენტებს ფინანსური ზარალი მიაყენა.