საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მომზადებული ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ რუსეთს უფლება არ აქვს, გაღიზიანდეს საქართველოს მცდელობაზე, გაწევრიანდეს EU-სა და NATO-ში.

კითხვაზე — რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ამ მოსაზრებას: რუსეთს უფლება აქვს, იყოს გაბრაზებული საქართველოს მცდელობაზე, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში. მოსახლეობის 24% საერთოდ არ ეთანხმება, 35% კი არ ეთანხმება.

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ დასავლეთი საუკეთესო პარტნიორია საქართველოსთვის და ყველაზე მეტად დასავლურ ინვესტიციებს მიესალმება.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 72% ევროკაშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, 13% ეწინააღმდეგება, 8% ფიქრობს, რომ სულერთია, ხოლო 7% საკუთარ აზრს არ აფიქსირებს.

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, ანუ 59% NATO-ში გაწევრიანების მომხრეა და მათი მთავარი მოტივაცია უსაფრთხოებაა.

მასალა მომზადებულია პროექტის – საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. გამოკითხვას Zinc Network-ის დაკვეთითა და USAID-ის ფინანსური დახმარებით CRRC საქართველო ახორციელებს. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.

CRRC საქართველომ ჩაატარა 3 024 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 33%). გამოკითხვა განხორციელდა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, შესაბამისად, შედეგები ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს უკრაინაში ომამდე.

გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ასევე, წარმომადგენლობითია ცალკეულად თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი: +-1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით).

ზოგ შემთხვევაში, პასუხების ჯამი შესაძლოა არ იყოს 100%, დამრგვალების გამო. "უარი პასუხზე" არცერთ შემთხვევაში აღემატება 1%ს, ამიტომ მოხდა "არ ვიცი" და "უარი პასუხზე" დაჯამება.