დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს, საქართველო კი არა. მინისტრები გერმანიაში შეიკრიბნენ, რათა დაიწყოს 3-დღიანი მოლაპარაკებები რიგ საკითხებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი იქნება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე, ასევე, საკვებისა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი უკვე გლობალურ პრობლემად გადაიქცა და 25 მილიონი ტონა მარცვლეული ამჟამად უკრაინის პორტებში, განსაკუთრებით ოდესაში გაჩერებულია.

მისივე თქმით, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის უზრუნველყოფს საკვებს და ეს განსაკუთრებით საჭიროა აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ეს აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ შედეგების, რაც ივანიშვილის რეჟიმის კურსის შედეგად დგება.

"ნდობა ამ რეჟიმის მიმართ, რომ ამ დაპირისპირებაში თავისუფალ სამყაროსა და პუტინის რუსეთს შორის, არის თავისუფალი სამყაროსკენ, არ არსებობს.

ზოგჯერ, პერიოდულად, რამდენი ფორმალური განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს, რომ ევროპული არჩევანი ჩვენი მყარი არჩევანია, ქართველი ხალხის, ღარიბაშვილიც კი იძახის ხოლმე იანუკოვიჩის მსგავსად, მაგრამ რეალურად მათი მოქმედებები, მათი რეალურად ანტიდასავლური პროპაგანდა ბუნებრივია შეუმჩნეველი არავის არ რჩება", — ამბობს ის.