შვედეთი NATO-ში წევრობის განაცხადის შევსებაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალ-დემოკრატიული პარტიის ვებგვერდზე გავრცელდა.

"დღევანდელ სხდომაზე სოციალ დემოკრატების პარტიის საბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტია შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადზე იწყებს მუშაობას", — აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, NATO-ს მიერ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში იმუშავებენ იმაზე, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი და მუდმივი ბაზები არ განთავსდეს.

26 აპრილს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე განცხადების გაკეთებას მაისში გეგმავენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს.

20 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ლიდერებს უნდა ესმოდეთ, ასეთი ნაბიჯების შედეგები რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებსა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.