სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის გადაწყვეტილება კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი პრეცედენტია. მათი შეფასებით, საქმეს პოლიტიკური კონტექსტიც აქვს და განაჩენმა, შესაძლოა, გამოიწვიოს არა მხოლოდ მედია-გარემოს გაუარესება, არამედ, შიდა პოლიტიკური პოლარიზებისა და კრიზისების გაღრმავება.

"დემოკრატიულ საზოგადოებაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება, განსაკუთრებით კი ისეთ საქმეებში, რომლების შესაძლო გავლენაც სცდება კონკრეტული ბრალდების საქმეს და უკავშირდება მედიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, სარგებლობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და ხარისხით.

მათი თქმით, მოცემული განაჩენი კი აჩენს არა მხოლოდ სამართლებრივ კითხვებს განაჩენის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით, არამედ, საფუძვლიან ეჭვებს — სასამართლოს პოლიტიკური მიზნებით ინსტრუმენტალიზების თაობაზე.

"ამ რეალობაში ცხადია, რომ ძირეულად ინგრევა ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვისა და სახელმწიფო უწყებების თვითნებობის შეკავებისა და კონტროლის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია", — აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს, სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გვარამიამ დაპოსტა და მოუწოდა ხალხს დარჩნენ მთავარ არხზე და ერთად მოიპოვონ თავისუფლება. არხის ჟურნალისტებმა კი განაცხადეს, რომ ბრძოლა გრძელდება, უფრო მეტად, ვიდრე აქამდე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. GDI-ის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა კი თქვა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.

ამავე თემაზე: