სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახელმწიფოს სამართლებრივი უმოქმედობა ახალისებს ლგბტ+ ადამიანების მიმართ უთანასწორობას და დაუცველს ტოვებს მათ ძალადობისა და დისკრიმინაციის პირისპირ. ლომჯარიას თქმით, ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები 17 მაისის საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ.

"მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გაიზარდა ლგბტ+ თემის ხილვადობა და შემცირდა საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული განწყობები, ამ პროცესს თან არ ახლავს სახელმწიფოს თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკა. უფრო მეტიც, სახელმწიფოს სამართლებრივი უმოქმედობა ახალისებს ლგბტ+ ადამიანების მიმართ უთანასწორობას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ვერ აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და დაუცველს ტოვებს მათ ძალადობისა და დისკრიმინაციის პირისპირ.

მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების საკითხი. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შექმნილი სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია და ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირება ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანობის, დროულობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ომბუდსმენის თქმით, განსაკუთრებით საგანგაშო იყო გასულ წელს თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში განვითარებული მოვლენები, როდესაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერები და სხვა წევრები საზოგადოებას ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდაჭერების მიმართ ძალადობისკენ პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებდნენ. ლომჯარია აღნიშნავს, რომ 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების თავდასხმები სამართალდამცავებმა ვერ აღკვეთეს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და საჯარო პირებს, ეფექტიანი პრევენციული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე და გააკეთონ საჯარო განცხადებები, რაც საზოგადოებაში თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს ლგბტ+ ადამიანები, თემის აქტივისტები და მხარდამჭერები საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებენ თანასწორუფლებიანობის მნიშვნელობას და მათ სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.