ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა, არასამათვრობო ორგანიზაციები, ნიკა გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან "ანტიევროკავშირი". მისი თქმით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დასაცავად ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს.

"ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, არამედ ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა. შესაბამისად, სწორედ ნაციონალური მოძრაობა, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი. სამართლის უზენაესობის გარეშე კი ჩვენ ევრპული ოჯახის წევრები ვერც ისე და ვერც ასე ვერ გავხდებით. შესაბამისად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დასაცავად, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულებაა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს", — თქვა მან.

კობახიძის განცხადებით, გვარამია საქართველოს პრეზიდენტის მიმართ "ბილწსიტყვაობით გამოირჩეოდა". მისი აზრით, თუ ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ ის არ დაიცვას პრეზიდენტის ინსტიტუტს.

გუშინ, 16 მაისს სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან გვარამიამ დაპოსტა და მოუწოდა ხალხს დარჩნენ მთავარ არხზე და ერთად მოიპოვონ თავისუფლება. არხის ჟურნალისტებმა კი განაცხადეს, რომ ბრძოლა გრძელდება, უფრო მეტად, ვიდრე აქამდე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. GDI-ის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა კი თქვა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.

საქართველოში აშშ-ის საელჩო განაცხადა, რომ ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია.

ამავე თემაზე: