პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში.

"პოლონეთი შეშფოთებულია ოპოზიციური ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირის, ნიკა გვარამიას განაჩენის გამო. გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს როგორც კანონის უზენაესობის აღქმაზე, ასევე მედიის თავისუფლებაზე საქართველოში", — ვკითხულობთ განცხადებაში.

სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. GDI-ის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა კი თქვა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.

ამავე თემაზე: