მას შემდეგ რაც აზოვსტალიდან დაჭრილი ჯარისკაცები გაიყვანეს, დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ისინი რუს ტყვეებში არ უნდა გაცვალონ. მისი თქმით, მარიუპოლის მცველები "ომის დამნაშავეები" არიან და მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ.

16 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზოვსტალიდან დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაციაზე შეთანხმდნენ. უწყება წერდა, რომ ისინი მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში გადაჰყავდათ. მოგვიანებით რუსულმა მხარემ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აზოვსტალიდან 265 მებრძოლი ჩაბარდათ, მათ შორის, 51 მძიმედ დაჭრილი.

ჩაბარებაზე უკრაინულ მხარეს განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა გენერალურმა შტაბმა 264 სამხედროს გაყვანა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მათი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება ტყვეების გაცვლით მოხდება. როგორც ჩანს, ვოლოდინის იდეა სწორედ ამ გეგმის ჩაშლას ემსახურება.

აზოვის ბატალიონის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ თქვა, რომ უმაღლესი სამხედრო სარდლობის მიერ დამტკიცებულ გადაწყვეტილებას ასრულებდნენ და ხალხის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა კი აღნიშნა, რომ მარიუპოლის მცველებს სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ.

უკრაინული მხარის ცნობით, გრძელდება დარჩენილი სამხედროების გადარჩენის ღონისძიებები.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში