რვა ევროპარლამენტარი მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშეა მიღებული, ეს კი ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს.

"საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ნიკა გვარამიასა და მისი ორი თანამოაზრის მიმართ დამაჯერებელი არგუმენტების გარეშე საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებაა. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს, მათ შორის, მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ვალდებულებებს მოითხოვს.

სამწუხაროდ, სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნის, დაშინებისა და ფიზიკური თავდასხმის ფართოდ გავრცელებულ ზოგად პრაქტიკას ეხმიანება. ბევრმა ჩვენგანმა ერთხელ უკვე ისაუბრა ბატონ გვარამიას წინააღმდეგ არაეთიკურ თავდასხმაზე, როდესაც საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან ბ-ნი გვარამიას პირადი მონაცემები გაასაჯაროვა. მაშინ ჩვენს დასაბუთებულ შეშფოთებას მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა სიტყვის ბანზე აგდებით უპასუხეს", — ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები, ასევე, ამბობენ, რომ სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იმ დიდი ხნის დაგვიანებული სასამართლო რეფორმის შედეგია, რომელიც მთავრობამ 19 აპრილის შეთანხმებით აიღო, თუმცა არ შეუსრულებია.

"შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაუარესება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციასა და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს, გახდეს ევროკავშირის წევრობის და საბოლოოდ წევრი ქვეყანა. ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც საქართველოს ხალხს სურს და იმსახურებს", — აღნიშნავენ ევროპარლამენტარები.

განცხადებას ხელს აწერენ ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მარკეტა გრეგოროვა, მაიკლ გალერი, პეტრას აუსტრევიჩუსი, რასა იუკნევიჩიენე, რაფაელ გლუკსმანი, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი.

სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. GDI-ის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა კი თქვა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.

ამავე თემაზე: