Amnesty International მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ, პოლიტიკური მოტივითაა მიღებული.

"ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში ქმედება მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ. მას ახლა გისოსებს მიღმა წლები ემუქრება, რადგან მთავრობა განსხვავებული ხმების ჩასახშობად ძალისხმევას აძლიერებს. ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდეს", — ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქმეში ბრალის წარსადგენად საკმარისი დანაშაული არ არსებობდა, რაც საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ და სახალხო დამცველმაც დაადასტურა.

"ნიკა გვარამიას დამნაშავედ ცნობა ხაზს უსვამს მზარდ შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების დაქვეითებასთან დაკავშირებით და სასამართლოების რიგ საქმეებზე ხელისუფლების მზარდ გავლენას ავლენს, რომელიც მიზნად კრიტიკოსებისა და ოპონენტების დართგუნვას ისახავს", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის ვადა 16 მაისიდან დაიწყო და მოსამართლემ გვარამიას დარბაზშივე დაკავების ბრძანება გასცა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ აღნიშნა, რომ გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. GDI-ის ხელმძღვანელმა, ედუარდ მარიკაშვილმა კი თქვა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ. გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.

ამავე თემაზე: