კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში "რეფერენდუმი" რუსეთთან ადგილზე არსებულ განწყობებს ასახავს, თუმცა მოსკოვი ამჟამად ამ თემაზე არ მუშაობს. განცხადებას კრემლის სამთავრობო მედია ავრცელებს.

კითხვაზე, მიაჩნია, თუ არა არსებულ ვითარებაში ამგვარი "რეფერენდუმის" ჩატარება მიზანშეწონილად, პესკოვი პასუხობს, რომ ეს ხალხისა და დე ფაქტო ხელისუფლების გადასაწყვეტია და ორიენტირება მათი ხედვით უნდა მოხდეს.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების ე.წ რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. ამის შესახებ რუსეთის პროპაგანდისტულ მედია RIA ბიბილოვის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით წერს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიბილოვმა "რეფერენდუმის" დანიშვნაზე განკარგულებას ხელი მოაწერა და ეს გადაწყვეტილება "სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის რუსეთთან გაერთიანების ისტორიული სურვილიდან" გამომდინარე მიიღო.