ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 86 მომხრე და 11 მოწინააღმდეგე ჰყავდა. ის ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად გადაეცემა.

კანონპროექტს მხარი ყველა დემოკრატმა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყვნენ რესპუბლიკელები. კენჭისყრამდე სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა თქვა, რომ სენატი შეასრულებს პირობას და დადგება უკრაინელი ხალხის გვერდით. მანვე თქვა, რომ 40 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება დააკმაყოფილებს უკრაინელი ხალხის საჭიროებებს, რადგან ისინი იბრძვიან გადარჩენისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სენატს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელიან პრეზიდენტის ხელმოწერას კანონპროექტზე.

"40 მილიარდი დოლარი არის აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინაში, ევროპასა და მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენის საქმეში", — წერს ის.

11 მაისს კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა. ბოლო ეტაპად ახლა პრეზიდენტის ხელმოწერა რჩება, რაზეც თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ მოუთმენლად ელოდნენ სენატთან მუშაობას, რათა კანონპროექტი სწრაფად მოხვდეს პრეზიდენტთან.