ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას, მათ "ლობისტებს" და დასავლელ პარტნიორებს მოწოდებს, საჯაროდ ჩამოთვალონ რა უნდა ექნა და არ გააკეთა ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად. მისი თქმით, საჯაროდ დასმულ კითხვებს "ოცნება" საჯაროდ გასცემს პასუხს.

"თუ რაღაცის თქმა გსურთ და ვერ ბედავთ, ამიტომ ყველანაირად დაგეხმარებით, რომ სათქმელი ღიად გამოხატოთ. ამიტომ, მივმართავთ რადიკალურ ოპოზიციას, საჯაროდ გამოვიდნენ და კონკრეტულად ჩამოწერონ რა უნდა გაეკეთებინა და რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად. საჯაროდ დასმულ კითხვებზე ჩვენც საჯაროდ გაგცემთ პასუხს. იგივეს ველი თქვენ მიერ დაქირავებული ლობისტებისგანაც. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მათ ფულს უხდით თუ სხვა ფორმით მუშაობთ.

ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რაზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად მიგვანიშნებენ. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ. გვაინტერესებს რატომ ჰგავს მათი და ნაციონალების რიტორიკა ერთმანეთს, შესაბამისად, კარგი იქნებოდა მათაც ჩამოეთვალათ რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოება უკეთ გაიგებდა რა არის მათი რეალური სურვილი და განზრახვა", — ამბობს ის.

მისი თქმით, იციან ოპონირების ფასი, უშეცდომო არავინაა და შეიძლება რაღაც გამორჩათ. კობახიძე ამბობს, რომ მზად არიან მოისმინონ ნებისმიერი არგუმენტიებული შენიშვნა, თუმცა არა აბსტრაქტული კრიტიკა ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე.