პარტია ლელო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით 27 მაისს პარლამენტში იბარებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მათ სურთ, მოისმინონ პრემიერმინისტრისგან ერთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი.

"27 მაისს ჩვენ დაბარებული გვყავს საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გასაცემად — რამდენად არის დღეს საქართველო დაცული და უსაფრთხო რომ ის არ გახდეს შავი ხვრელი რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციებისგან თავის ასარიდებლად

ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებთ და ამ კითხვაზე პასუხს იმსახურებენ პირველ რიგში და უპირველესად, საქართველოს მოქალაქეები", — თქვა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას პარლამენტის სხდომაზე. პასუხი შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი.