მეცნიერებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ 3 დეკადის განმავლობაში სხვადასხვა გალაქტიკაზე შეგროვებული მონაცემების ანალიზის გზით დააზუსტეს, რამდენად სწრაფად ფართოვდება სამყარო.

მათი გამოთვლებით, ზემოხსენებული მაჩვენებელი, რომელიც ჰაბლის მუდმივას სახელითაა ცნობილი, გახლავთ 73 კმ/წმ მეგაპარსეკზე, პლუს-მინუს 1 (პარსეკი ასტრონომიულ ობიექტებს შორის არსებული დისტანციის გასაზომად გამოიყენება). ეს იმას ნიშნავს, რომ თუ 1 მილიონი პარსეკით (3,26 მილიონი სინათლის წელი) დაშორებულ ასტრონომიულ სხეულს სათანადოდ დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ის წამში 73 კილომეტრი სიჩქარით გშორდებათ.

ფოტო: BigBounce

სპეციალისტთა განცხადებით, ცდომილება მხოლოდ 1 პროცენტია. ამის მიუხედავად, საინტერესოა, რომ მეორე მოდელის თანახმად, სამყარო 67.5 კმ/წმ მეგაპარსეკზე (პლუს-მინუს 0.5) სიჩქარით ფართოვდება. მათ შორის სხვაობის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არის რაღაც, რაც ჯერჯერობით არ ვიცით.

ასევე, იხილეთ: სამყაროს გაფართოება შესაძლოა, დასასრულს უახლოვდებოდეს — კვლევა

გუნდს, რომელსაც უკანასკნელი მიგნება ეკუთვნის, SHOES ეწოდება, სადაც H0 ჰაბლის მუდმივას შეესაბამება. მათ საერთო ჯამში 42 ზეახალი ვარსკვლავი შეისწავლეს, რომელიც, გამორჩეული სიკაშკაშის გამო, დიდი მანძილების გასაზომად გამოიყენეს. სწორედ ასე მივიდნენ მკვლევრები ახალ მაჩვენებლამდე.

მეცნიერთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.