"პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში" — ამ სათაურით გამოაქვეყნეს ერთობლივი სტატია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა.

კელი და კრამერი წერენ, რომ განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის შემდეგ, საქართველოს მმართველობა სულ უფრო მეტად ემსგავსება რუსულ მოდელს სრული ერთპარტიული მმართველობითა და ოპოზიციის დევნით. მათი თქმით, აშშ-მა და ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი გავლენები დესტრუქციული ძალის შესაჩერებლად.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ უკანასკნელი შემაშფოთებელი ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზაზე მოხდა გასულ კვირას, როდესაც მოსამართლემ ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯა.