უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, რომელიც დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. უწყება აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა ომის დანაშაულებრივი მიზნების.

"ხერსონსა და ზაპორიჟიეში უკრაინელების იძულებითი პასპორტიზაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულებრივი მიზნისა — უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა მათი შემდგომი ოკუპაციისა და რუსეთის სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის.", — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების თქმით, პუტინის ბრძანება იურიდიულად ბათილია და არ ექნება სამართლებრივი შედეგები. უკრაინის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს სანქციების მე-6 პაკეტი, რომელშიც შევა ნავთობზე ემბარგო და დაიწყება მე-7 პაკეტის მზადება.

"უკანონო პასპორტიზაცია ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, ისევე როგორც ყირიმსა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ნაწილებში, არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა", — აღნიშნულია საგარეოს განცხადებაში.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის აღების გამარტივებას.