ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საქართველოს დამოუკიდებლოს დღეს ულოცავს. მილოცვას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. წერილში ნათქვამია, რომ აშშ ქართველი ხალხის მტკიცე პარტნიორობასა და მხარდაჭერას კეთილდღეობისა და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფების გზაზე, განაგრძობს.

"ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებული დამოუკიდებელი სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ზიარი ერთგულებით. საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას. დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში.

საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია", — აღნიშნულია წერილში.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეიქმნა, რომელსაც 3 წლის შემდეგ წითელი არმია დაესხა თავს და ოკუპაცია მოახდინა.

რუსეთის 70-წლიანი ბატონობისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღდგა.

დღეს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები, პარტნიორები კი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ქართველ ხალხს.

ამავე თემაზე: