უკრაინის რადამ სახალხო დამცველ ლუდმილა დენისოვას უნდობლობა გამოუცხადა და უფლებამოსილება შეუჩერა. დღევანდელ სხდომაზე რადას ახალი ომბუდსმენი არ აურჩევია.

დენისოვას წინააღმდეგ ხმა 234-მა დეპუტატმა მისცა. ამ ეტაპზე მისი გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი უცნობია.

გუშინ, 30 მაისს უკრაინის სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ რადას დეპუტატები მისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებენ. ადგილობრივი მედია წერდა, რომ დენისოვას საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები აქამდეც არსებობდა.

არასამთავრობო ორგანიაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ტატიანა პეჩონჩიკმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის გადაყენების კონსტიტუციური საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, დენისოვას კომპეტენტურობასა და დაუმოკიდებულობასთან უფლებადამცველებს ბევრი კითხვა აქვთ და ჯერ კიდევ 4 წლის წინ აპროტესტებდნენ "არჩევის პოლიტიზირებულ პროცესს", თუმცა ახლა უნდობლობის გამოცხადებას ის "უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის ინსტიტუტზე ფეხის შეწმენდად" აფასებს.

"დენისოვამ ომბუდსმენის ინსტიტუტი პლინტუსამდე დაწია, მაგრამ ხალხის მსახურებს უნდათ ეს ფსკერი კიდევ უფრო დაბლა გახვრიტონ. დენისოვას გადაყენების კონსტიტუციური საფუძველი არ არსებობს. მოხსნა კიდევ ერთი საშიში კანონის გამო სურთ, რომელიც 12 მაისს ამოქმედდა", — წერს ის და განმარტავს, რომ კანონი პარლამენტს აძლევს უფლებას, ომის დროს გამოხატოს უნდობლობა და თანამდებობიდან გადააყენოს ნებისმიერი პირი, ისინიც, ვისი გათავისუფლების საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული კონსტიტუციით ან შესაბამისი კანონებით.

უკრაინსკა პრავდას ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა მედიებმა გამოთქვეს შეშფოთება დენისოვას რიტორიკის გამო, რომლითაც მან რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური დანაშაულები აღწერა. როგორც გამოცემა წერს, ათეულობით ჟურნალისტმა მოაწერა ხელი მიმართვას და ომბუდსმენს მოუწოდა, ასეთი სენსიტიური ინფორმაციის გავრელებისას ეთიკის შესაბამისად იმოქმედოს და კომუნიკაციის ფორმები დახვეწოს.

გარდა ამისა, ადგილობრივი მედიის, UNN-ის ინფორმაციით, ხალხის მსახურები დენისოვას დათხოვნაზე 2021 წელსაც საუბრობდნენ. მაშინ დეპუტატმა შესთავაზა პარლამენტს, შეიქმნას დროებითი სპეციალური კომისია, რათა შეამოწმონ დენისოვას მიერ ფიცის დარღვევის შესაძლო ფაქტები.