ცნობილმა გერმანულმა როკჯგუფმა Scorpions-მა თავისი ჰიტის, Wind of Change-ის, ტექსტი შეცვალა, რადგან არ სურთ, სიმღერა "რუსეთის რომანტიზებას" ახდენდეს მაშინ, როცა უკრაინაში პუტინის წამოწყებული ომი მიმდინარეობს.

"Wind of Change-ის ისე შესრულება, როგორც წინათ ვმღეროდით მას, ვეღარ წარმომიდგენია", — ამბობს ჯგუფის წევრი კლაუს მაინე, — "უბრალოდ, არასწორია, რუსეთის რომანტიზება ტექსტით: 'მოსკვას მივყვები გორკის პარკისკენ. ამღერე შენს ბალალაიკას'".

მაინეს თქმით, ამ მიზეზის გათვალისწინებით, ბენდმა გადაწყვიტა, აშშ-სა და ევროპაში მიმდინარე საკონცერტო ტურნესთვის სიმღერის ტექსტი შეეცვალა.

რუსული ადგილების ნაცვლად განახლებულ ტექსტში უკრაინაა ნახსენები:

"ახლა ვუსმენ ჩემს გულს,
რომელიც უკრაინას იძახის,
და ველოდები ცვლილების ქარს".

იმის მიუხედავად, რომ სიმღერა 1990 წლის დეკემბერში — ბერლინის კედლის დანგრევიდან ერთ წელიწადში — გამოვიდა, მას მაინც ხშირად უკავშირებენ საბჭოეთში მიმდინარე სოციოეკონომიკურ ცვლილებებს, რასაც ცივი ომის დასრულება მოჰყვა.

მაინეს თქმით, სიმღერა მან 1989 წლის სექტემბრის დასაწყისში დაწერა, როცა გერმანულმა ჯგუფმა მოსკოვის მუსიკისა და მშვიდობის ფესტივალზე იმღერა.

Scorpions-მა Wind of Change ბერლინის კედლის დანგრევიდან 10 წლისთავზე, 1991 წელსაც, შეასრულა ბრანდენბურგის კარიბჭესთან. 2005 წელს კი, ტელემაყურებელთა ხმის მიცემის შედეგად, ქვეყნის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომპოზიცია "მე-20 საუკუნის სიმღერად" დაასახელა.