როგორც გაირკვა, ნეტფლიქსის მომხმარებლების დიდმა ნაწილმა გასული შაბათ-კვირა Stranger Things-ის (უცნაური ამბები) ახალი ეპიზოდების ყურებაში გაატარა.

ნეტფლიქსი ითვლის, თუ რამდენ საათს ხარჯავენ მომხმარებლები ამ პლატფორმაზე კონკრეტული შოუს თუ ფილმის ყურებისას და შიდა სტატისტიკის მიხედვით, ამ სტრიმინგ სერვისზე უცნაური ამბების ნახვაში მაყურებლების მიერ გატარებულმა დროის რაოდენობამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველ სამ დღეში 286,79 მილიონ საათს მიაღწია. წინა საუკეთესო შედეგი გასულ მარტს გამოსულ Bridgerton-ის მეორე სეზონს ეკუთვნოდა, რომლის ნახვების ხანგრძლივობამაც 193 მილიონი საათი შეადგინა.

ბრიჯერტონი ნეტფლიქსის ინგლისურენოვან სერიალებს შორის იმავე პრინციპით აქამდე ყველაზე პოპულარულ სერიალად ითვლებოდა: გამოსვლიდან 28 დღეში 656,26 მილიონი საათის ნახვები დააგროვა. თუმცა უცნაურმა ამბებმა პრემიერის პირველ სამ დღეში მიაღწია ამ შედეგის 44%-ს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საბოლოო შედეგსაც გააუმჯობესებს.

ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარულ სერიალად ჯერჯერობით ისევ სამხრეთკორეული Squid Game რჩება, რომელმაც პირველ 28 დღეში 1,65 მილიარდი საათის ნახვები დააგროვა. მეორე ადგილზე ესპანურენოვანი Money Heist არის 792,23 მილიონი საათით.