უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტები ქვეყნის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებენ. მისი თქმით, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ბენილუქსის ქვეყნების ერთად აღებული ფართობი. როგორც Unian წერს, ამის შესახებ ზელენსკიმ ლუქსემბურგის პარლამენტში ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

"ევროპული ქვეყნების უმრავლესობისთვის, ომის ასეთი მასშტაბი კოლოსალური იქნებოდა, მაგრამ 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთმა აჩვენა, რომ ეს არ არის მასშტაბი. მან აჩვენა, რომ მისი სისასტიკე გაცილებით დიდია. რუსული ჯარები შევიდნენ 3 620 დასახლებაში, 1 017 უკვე გათავისუფლდა, 2 603 რჩება გასათავისუფლებელი. დღეის მდგომარეობით, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20%, თითქმის 125 000 კვადრატული კილომეტრი, ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა", — თქვა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ 300 000 კვ.კმ-მდე ფართობის ტერიტორია დანაღმულია. ზელენსკის თქმით, 12 მილიონი უკრაინელი დევნილი გახდა.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.