უკრაინის გაერთიანებული ძალების განცხადებით, დღეს ოკუპანტების 5 თავდასხმა მოიგერიეს. მათი თქმით, ბრძოლები 2 ლოკაციაზე ამ დრომდე გრძელდება.

"უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსი ოკუპანტების შემოჭრის გაბედულად და გმირულად შეკავებას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 30-მდე დასახლებული პუნქტი დაბომბეს, გაანადგურეს და დააზიანეს 52 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის 42 სახლი, ორი ქარხანა, ადმინისტრაციული შენობა და რამდენიმე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მანქანა. მათი თქმით, ამ დაბომბვის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

გაერთიანებული ძალების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო 24 საათში საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა დონბასის ცაზე მტრის 3 უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 ჩამოაგდეს, გაანადგურეს 5 ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა და 2 ჯავშანმანქანა.