ოლექსანდრ ჟუნანმა და ანტონინა რომანოვამ ერთმანეთი თეატრში მუშაობის დროს გაიცნეს. მაშინ ანტონინა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ კიევში ახალგადასული იყო. წყვილი დედაქალაქში მშვიდად ცხოვრობდა ერთად, როცა 24 თებერვალს მათ ქვეყანას რუსეთი ისევ დაესხა თავს და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ოლექსანდრს და ანტონინას სამხედრო გამოცდილება არ ჰქონიათ, თუმცა, მაინც გადაწყვიტეს, ბევრი სხვა უკრაინელის მსგავსად ფრონტის ხაზზე წასულიყვნენ.

"მახსოვს, ერთ მომენტში მივხვდით, რომ მხოლოდ სამი არჩევანი გვქონდა: დავმალულიყავით თავშესაფარში, გავქცეულიყავით ან წავსულიყავით მოხალისედ თავდაცვის ძალებში. ჩვენ მესამე ვარჩიეთ", — ჰყვება ანტონინა.

ფოტო: romanovanto / Instagram

ანტონინა არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირია და განსხვავებული ნაცვალსახელებით სარგებლობს, ამიტომ, ქვიარ წყვილი იმაზე ღელავდა, რამდენად მიიღებდნენ სხვა სამხედროები მათ.

თუმცა, როცა რამდენიმედღიანი წვრთნის შემდეგ სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაივში გაგზავნეს, აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად დარდობდნენ — დანაყოფში მათ მიმართ აგრესია არავის გამოუჩენია. ფრონტზე ყოფნა ადვილი არ ყოფილა, ოლექსანდრს ფილტვების ანთებაც კი დაემართა, თუმცა, წყვილს უხაროდა, რომ სხვა მებრძოლებმა ისინი მიიღეს.

ფოტო: romanovanto / Instagram

"დროთა განმავლობაში მათ ჩემთვის ანტონინას დაძახებაც კი დაიწყეს, ზოგიერთი კი ჩემი ნაცვალსახელებითაც მომმართავდა", — იხსენებს რომანოვა.

როცა წყვილი ახალ დანაყოფში გადაიყვანეს, მათ ისევ დაიწყეს ღელვა, რადგან იცოდნენ, რომ სხვაგან წესები უფრო მკაცრი იყო. თუმცა, ოლექსანდრის თქმით, გულზე მოეშვათ, როცა ერთ-ერთმა მეთაურმა პირდაპირ განაცხადა, რომ დანაყოფში ჰომოფობიას არ დაუშვებდა. მოგვიანებით, კიდევ ერთმა უფროსმა განმარტა, ფრონტის ხაზზე მნიშვნელობა მხოლოდ იმას ჰქონდა, როგორ იბრძოდი.

ჟუნანისა და რომანოვასთვის სამხედრო ძალებში ყოფნა პასუხისმგებლობის გააზრებაა.

"რუსეთს მხოლოდ ჩვენი ტერიტორიები კი არ მიაქვს და ჩვენს ხალხს კი არ ხოცავს, მათ ჩვენი კულტურის განადგურებაც უნდათ. ამას არ დავუშვებთ", — აცხადებს ოლექსანდრი.

ფოტო: zhuganoleksandr / Instagram

შემართების მიუხედავად, ოლექსანდრს ერთი რამის შიში არ ტოვებს.

"იმაზე ვდარდობ, რომ ომში თუ მოვკვდები, ანტონინას უფლებას არ მისცემენ, ისე დამკრძალონ, როგორც მინდა", — ამბობს იგი.

ამის მიზეზი ისაა, რომ ქვეყნის კანონმდებლობა ლგბტქ წყვილებს ჯარში ისე არ ცნობს, როგორც ჰეტეროსექსუალ პარტნიორებს.

"როცა გეი ან ლესბოსელი სამხედრო იღუპება, მათ ოჯახებს სწყვეტენ", — ამბობს ვიქტორ პილიპენკო, რომელიც 2018 წელს პირველი უკრაინელი ჯარისკაცი გახდა, ვინც საჯაროდ დაქამინგაუთდა.

ვიქტორმა მაშინ ბევრს უბიძგა, საკუთარ იდენტობაზე ღიად ესაუბრათ. მოგვიანებით, მათ ლგბტქ სამხედროების მხარდაჭერის ჯგუფიც დააფუძნეს.

ოლექსანდრისა და ანტონინას იარაღების კონდახზე კი ლგბტქ სიმბოლოების — ცისარტყელისა და "უნიკორნის" — სტიკერებია გამოსახული. ეს იმ სტერეოტიპის დასამსხვრევადაცაა, რომ "ჯარში ლგბტქ ადამიანები არ არიან".

ფოტო: romanovanto / Instagram

ლგბტქ წყვილებისათვის სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობის მიცემა რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივით განიხილებოდა, თუმცა, პარლამენტში ვერცერთი მათგანი ვერ აღმოჩნდა.

"ჩვენ ერთგულება შევფიცეთ უკრაინელ ხალხს. ჩვენი ქვეყნისთვის სისხლი დავღვარეთ. დავიმსახურეთ უფლება, თანასწორად მოგვეპყროთ", — ამბობს პილიპენკო.