ქართული ოცნების თავმჯდომარე ფიქრობს და პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ამბობს, რომ ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. მისი აზრით, ძმებ ბერძენიშვილებს აქვთ "ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ".

პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების დროს, მან ისაუბრა, თითქოს ხორციელდება "შეტევა ეროვნულ იდენტობაზე". კობახიძემ ლევან ბერძენიშვილს "უსამშობლო" და "უღმერთო" კაცი უწოდა.

"ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოლიტიკას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებელს უწუნებენ შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას.

არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარ ყინულმჭრელის როლს. ესენი არიან პირველ რიგში ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ. საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი არ ვიცით, მაგრამ ეს არის სამწუხარო ფაქტი. ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ — ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო", — თქვა მან.

ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ბერძენიშვილებს, გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას ახალი დროის ბოლშევიკებიც უწოდა.

გუშინ, 6 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თქვა — "შენ და შენი ძმა, ჩვენს წმინდას როგორ აგინებთ".

პარლამენტში გაკეთებულ კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა ხათუნა სამნიძე. მან Facebook-ზე დაწერა, რომ კობახიძის ეს განცხადებები უარეს აგრესიას გააღვივებს, უარეს ძალადობას გამოიწვევს.

კობახიძის განცხადება პარლამენტძშივე შეაფასა სალომე სამადაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ არ იცის იმ ადამიანების სახელი და გვარი, რომლებიც ბერძენიშვილსა და სამნიძეს თავს დაესხნენ, მაგრამ მათ ქვით, კოლექტიური ირაკლი კობახიძე.