ნეტფლიქსის გახმაურებული გერმანულენოვანი სერიალის, Dark-ის, მესამე და ბოლო სეზონის გამოსვლიდან ორი წელი გავიდა. თუმცა, წარმატებული სერიალის შემქმნელები — იანტიე ფრიზე და ბარან ბო ოდარი — მაყურებლისთვის უკვე ახალ და უფრო შავბნელ სანახაობას ამზადებენ.

ნეტფლიქსმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ახალი სერიალის — 1899-ის — პირველი ტრეილერი, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლებს შორის დიდი განხილვა გამოიწვია.

სერიალში მოქმედება მე-19 საუკუნის მიწურულს ხდება. ტრეილერში ჩანს, რომ ემიგრანტებით სავსე გემი ინგლისიდან ნიუ-იორკისკენ მიემგზავრება. ბორტზე მყოფ სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანს კი ერთი რამ აერთიანებს — ისინი რაღაცას გაურბიან.

თუმცა, როცა მგზავრების ჯგუფი გზად კიდევ ერთ გემს გადააწყდება, რომელიც თვეების განმავლობაში იყო გაუჩინარებული, ყველაფერი დრამატულად იცვლება.

პროექტი სხვადასხვა ქვეყნის მსახიობებს აერთიანებს — მათ შორის, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და პოლონეთიდან. როგორც ცნობილია, ყველა მათგანი სერიალში მშობლიურ ენაზე ისაუბრებს.

1899, რომლის პირველი სეზონი რვა ეპიზოდს გააერთიანებს, ინოვაციური ტექნოლოგიითაა გადაღებული, ამდენად მაყურებელს წინ ვიზუალური ეფექტების არნახული გამოცდილებაც ელოდება.

სერიალს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე ვიხილავთ.