"ეს არ არის მათ პირად შეხედულებებზე დამოკიდებული, როგორ მოექცევიან სახალხო დამცველის დასკვნებს", — ასე ეხმაურება ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია ქართული ოცნების დეპუტატების კრიტიკას.

ლომჯარია აღნიშნავს, რომ პარლამენტის წევრებს კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ სახალხო დამცველის მოსაზრებები მოისმინონ და გაითვალისწინონ. მისივე თქმით, თუ ქვეყანაში დემოკრატიული მოწყობაა, დეპუტატები მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ.

"თუ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და არსებობს დემოკრატიული სახელმწიფოებრივი მოწყობა, მაშინ ასეთი კომენტარი არ უნდა აკეთონ. პირველ რიგში, პარლამენტი, პარლამენტის წევრები არიან ვალდებულები, რომ ეს საკითხი სერიოზულად მიიღონ და იმსჯელონ სერიოზულად. მე ყველა ამ დეპუტატს მოვუწოდებ, პირველ რიგში, გაეცნონ სახალხო დამცველის დასკვნას, არ არის ძალიან ვრცელი, 10-11 გვერდია და თუ აქვთ რამე შეკითხვა, თუნდაც ამ და ჩვენი მოსაზრების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით, მზად ვარ, ასევე, მივიდე მათთან და ვისაუბრო ამ თემებზე", — განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიამ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართა. მისი თქმით, ნებისმიერი სამეწარმეო გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი შეფასების საგანი.

ამ განცხადებას "ოცნების" მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის "სახალხოდ დამცველად გადაიქცა". თბილისის მერი, კახა კალაძე კი ამბობს, გვარამიას შეწყალებაზე პრეზიდენტისთვის მიმართვა ომბუდსმენის გადაწყვეტილებაა და "ნიკა გვარამიას გარდა უამრავი პატიმარი ჰყავს საქართველოს".

ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ზარქუა კი სახალხო დამცველს ამ სიტყვებით გამოეხმაურა:

"კეთილი ინებოს, ჩვენ გვყავს უამრავი სხვა პატიმარი, მათი უფლებებიც შეისწავლოს იქნებ, სადმე ირღვევა. [...] ორმაგი სტანდარტის გამო არის გასაკიცხი ლომჯარია".

სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.