ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები გავხდებით, " სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება". ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოზე რეზოლუციის მიღებას, რომელშიც ივანიშვილის სანქციებზეა საუბარი.

"იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება . "ფეიკის" გავლენისგან დაცული და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი ევროპარლამენტი, რომელსაც საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით სუვერენულად მოქმედება შეეძლება.

მტკიცებით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ დღევანდელი რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ", — თქვა მან.

არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტმა საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეც არის საუბარი. რეზოლუციას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა, 218 კი წინააღმდეგი იყო.

ამავე თემაზე: