მიკროპლასტმასი დედამიწის ყველაზე მიუღწეველ ადგილებსაც კი აღწევს. ახალმა კვლევამ პლასტმასის უმცირესი ნაწილაკები ანტარქტიკის თოვლიან ნალექში აღმოაჩინა. შესაძლოა ნაწილაკებმა ანტარქტიკის კვების ჯაჭვშიც შეაღწიონ, მუქი ფერის მიკროპლასტმასი კი თოვლის დნობასაც კი დააჩქარებს.

კენტერბერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს ანტარქტიკაში ახალმოსული თოვლის 19 ნიმუში, როსის ყინულოვანი შელფის ზედა 2 სანტიმეტრიდან. უკლებლივ ყველა ნიმუშში აღმოჩნდა მიკროპლასტმასი — 5 მილიმეტრზე ნაკლები დიამეტრის პლასტმასის ნაწილაკები. მიკროპლასტმასის ანტარქტიკაში არსებობის შესახებ ისედაც ვიცოდით, თუმცა ეს პირველი კვლევაა, რომელმაც ის ახალმოსულ თოვლში იპოვა.

"ეს ყოველივე საშინლად სევდიანია, ანტარქტიკის ახალ თოვლში მიკროპლასტმასის პოვნა ფაქტობრივად გვამცნობს, რომ მიკროპლასტმასს პლანეტის ყველაზე იზოლირებულ რეგიონებშიც წავაწყდებით. ჩვენ თოვლის 19 ნიმუში ავიღეთ როსის კუნძულიდან, მიკროპლასტმასი ყოველ მათგანში ვიპოვეთ", — აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი ალექს ავესი.

ავესმა და მისმა კოლეგებმა ნიმუშები გაალღვეს, მიკროპლასტმასი მიკროსკოპით მოძებნეს, მისი შემადგენლობა კი ინფრაწითელი სპექტროსკოპიით განსაზღვრეს. სულ აღმოაჩინეს 13 სხვადასხვა ტიპის 109 ნაწილაკი, საშუალო კონცენტრაცია იყო 29.4 ნაწილაკი ერთ ლიტრ დამდნარ თოვლზე. პოლიეთილენ თერაფტალატი (ასევე ცნობილი, როგორც PET) იყო პლასტმასის ყველაზე ხშირი ტიპი. PET ხშირად გამოიყენება სინტეთიკურ ქსოვილსა და პლასტმასის ბოთლებში.

"2019-ში, როდესაც ალექსი ანტარქტიკას ეწვია, იმედი გვქონდა რომ ასეთ ხელშეუხებელ და მიუწვოდმელ ადგილას მიკროპლასტმასს ვერ იპოვიდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, არაფერი აღარ მიკვირს", — თქვა კენტერბერის უნვიერსიტეტის პროფესორმა ლაურა რეველმა.

მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ნიმუშებში აღმოჩენილი მიკროპლასტმასის მთავარი წყარო ანტარქტიკის კონტინენტზევეა. პლასტმასის კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო ანტარქტიკის საკვლევი ცენტრების მახლობლად, სრულიად დასაშვებია, რომ პლასტმასი თოვლში დროშებიდან, ეკიპირებიდან, ტანსაცმლიდან, ნაგვიდან ხვდება. თუმცა, ასევე შესაძლოა პლასტმასი ანტარქტიკაში ატმოსფეროს გავლით მოხვდა, ანდაც სამხრეთის ოკეანიდან ქარმა გადმოისროლა.

მიკროპლასტმასი დედამიწის ყველაზე მიუწვდომელ ადგილებშია ნაპოვნი — დაწყებული პირინეის მთებიდან, დამთავრებული მარიანას ღრმულით. მიუხედავად იმისა, რომ ანარქტიკაში მიკროპლასტმასის არსებობის შესახებ უკვე ვიცოდით, ეს კვლევა რამდენიმე მინიშნებას გვაძლევს, თუ ზუსტად საიდან ხვდება კონტინენტზე უცხო მასალა. საგულისხმოა, რომ კვლევა საკმაოდ ლიმიტირებულია, შეისწავლილია კონტინენტის მხოლოდ მცირე მონაკვეთი, კვლევის ავტორთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ კვლევა ხელახლა და უფრო სიღრმისეულად უნდა ჩატარდეს, რათა მეტი გავიგოთ ანტარქტიკაში მიკროპლასტმასის გავრცელების რეალურ მაჩვენებელზე.