ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების განცხადებაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზეა საუბარი, საქართველო მოლდოვასა და უკრაინისგან გამიჯნულად არის ნახსენები და აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმუშავოს.

"ჩვენ მტკიცედ მოგმართავთ, რომ ევროკავშირის კონვენციის 49-ე მუხლის შესაბამისად, მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის დასაწყისი და იმუშავეთ საქართველოსთვის ამავე სტატუსის მინიჭებაზე, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების აღსასრულებლად", — აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, ევროკავშირმა უნდა აჩვენოს გამბედაობა, გადაწყვეტა და ხედვა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ, აგრესიული ომის დღევანდელ კონტექსტისა და გაუარესებულ საერთაშორისო გარემოში. პოლიტიკური ჯგუფები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი უნდა იყოს საიმედო პარტნიორი და სანდო გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც თავის პრინციპებსა და ღირებულებებს იცავს და აჩვენებს სოლიდარობას მათ მიმართ, ვინც იმავე იდეალებს უჭერს მხარს.

"უკრაინის მოქალაქეების სურვილია, რომ იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში, რომელიც ევროპული ოჯახის საამაყო და ერთგული წევრია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამ მისწრაფებებს იზიარებს საქართველოსა და მოლდოვას საზოგადოება, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ხალხი, რომელთა მოლოდინებიც არ უნდა იყოს უგულებელყოფილი", — ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს ევროპარლამენტმა საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეც არის საუბარი. რეზოლუციას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა, 218 კი წინააღმდეგი იყო.