თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებელზე, რომელიც "უამრავ კარგ საქმეს აკეთებს, როგორც ქველმოქმედი და მეცენატი", ევროპარლამენტი ამბობს, რომ "ცუდი კაცია". მისი თქმით, ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, არ ეთანხმება.

"ძალიან სამწუხაროა ეს განცხადებები და ის, რომ ქვეყანა უნდა დაიჩაგროს იმისთვის, რომ ომში არ ჩაერთო. ასევე, მოვისმინეთ, ადამიანი, რომელიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის, როგორც ქველმოქმედი, როგორც მეცენატი — მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ასეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს აღდგენილი, ჯარისთვის NATO-ს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სკოლების რეაბილიტაცია — ამ ადამიანზე გვეუბნებიან, რომ ის ცუდი კაცია და უნდა დაისაჯოს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტურად არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, პირადად მე არ ვეთანხმები", — ამბობს კალაძე.

მისი განცხადებით, ის რაც მოისმინეს და ნახეს, რეზოლუციის სახით, "აბსოლუტურად სამარცხვინო იყო". მისი თქმით, რეზოლუცია ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა იყო.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 218 იყო.

8 ივნისს ევროპარლამენტში ამ საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულად შეაფასეს და შეშფოთება გამოხატეს მთავრობის დამოკიდებულებებზე, რაც რეზოლუციაში დაწვრილებით აისახა.

ტექსტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას და მის კრემლთან ურთიერთობას ეხება. რეზოლუცია საქართველოს მთავრობას ზოგადი პრინციპებისა და მოვალეობების დაცვისკენ მოუწოდებს, ამასთანავე მასში განხილულია კონკრეტული საკითხები, რაზეც ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს, როგორიცაა 5 ივლისის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების განცხადებაში კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზეა საუბარი, საქართველო მოლდოვასა და უკრაინისგან გამიჯნულად არის ნახსენები და აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმუშავოს.