ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის წარდგენა გაიხსენა და თქვა, რომ აქცენტი სიმბოლიზმზე გაკეთდა. როგორც კობახიძე ამბობს, ზურაბიშვილის პრეზიდენტის კანდიდატად წარდგენა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში არის სიმბოლური ფიგურა, სიმბოლიზმზე გაკეთდა სწორედ, პირველ რიგში, აქცენტი და რაზე კეთდებოდა — ერთი, რომ ის იყო ძველი დიასპორის წარმომადგენელი და 100 წლის თავზე, 1918 წლის შემდეგ 2018 წელს სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ იმ დიასპორის წარმომადგენლის შთამომავალი გახდა საქართველოს პრეზიდენტი.

მეორე ქალი პრეზიდენტი ესეც რაღაცა ჩვენი ისტორიული ტრადიციის ერთგვარი გამოხატულება იყო. გარდა ამისა, ევროპიდან ჩამოსული ადამიანი, რომელიც ხდება პრეზიდენტი. ანუ დიასპორა, ქალი, ევროპელი, ეს იყო ის სიმბოლიზმი, რომლის საფუძველზეც გაკეთდა საბოლოო ჯამში აქცენტი სალომე ზურაბიშვილზე და შეჩერდა არჩევანი მის კანდიდატურაზე. ეს იყო ბატონი ბიძინას ინიციატივა, ეს ინიციატივა რომ არ ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა ერთი რიგითი პარლამენტის წევრი", — ა,ბობს კობახიძე.

კობახიძე აღნიშნავს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში საშინაო და საგარეო პოლიტიკას მთლიანად ახორციელებს მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით. მისი თქმით, კონსტიტუციის შესაბამისად, პირველ რიგში, პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს.

"სისტემა უნდა ესმოდეს, ამ სისტემაში საშინაო და საგარეო პოლიტიკას მთლიანად ახორციელებს მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით, ეს არის სისტემა. საგარეო პოლიტიკას კონკრეტულად რაც შეეხება, მხოლოდ თუ არის მთავრობის საგანგებო თანხმობა, მაშინ ერევა საგარეო პოლიტიკაში, მარტო მაშინ. ეს პირდაპირ წერია შავით თეთრზე კონსტიტუციაში. ეს იცის რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა უნდა იმაზე მეტი, ვიდრე კონსტიტუცია მას მიაკუთვნებს, რაც არასწორია. პრეზიდენტი, პირველ რიგში, უნდა გაყვეს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციას და უნდა იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად", — თქვა მან.

ამაზე საუბარი კობახიძემ მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტმა ზურაბიშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე კითხა. მან ისაუბრა, რომ მორალური თვალსაზრისით, ზურაბიშვილს ერთ სიბრტყეზე არ უნდა დაეყენებინა სააკაშვილი, გვარამია და ივანიშვილი.

ზურაბიშვილის განცხადებით, არ მიაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ევროინტეგრაციის პროცესის წინ წასვლაში — არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით, არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. მან აღნიშნა, რომ ამისთვის ბრუნდება საქართველოში, რათა დავიცვას ეს მომავალი.

მან ბრიუსელიდან სხვა კომენტარებიც გააკეთა, მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები, რომ არ აქვს საშუალება, ეფექტურად დაიცვას საქართველოს კანდიდატურა.