მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომის მეორე ფაზა დაიწყო, ძალების მობილიზებას ვლადიმერ პუტინი სწორედ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში ცდილობს.

რა ხდება: ბოლო რამდენიმე კვირაა სევეროდონეცკი უწყვეტად იბომბება. ორი დღეა ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ოკუპანტების წარუმატებლობის შემდეგ, სევეროდონეცკის დაკავება პუტინს იმ სიმბოლურ გამარჯვებას მოუტანს, რომელსაც აქამდე ვერ მიაღწია.

  • აღმოსავლეთ უკრაინაზე კონტროლის დამყარება რუსეთს საშუალებას მისცემს ყირიმის მიმართულებით სახმელეთო დერეფანი შექმნან.

ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ უახლოეს თვეებში მდინარე სივერსკი დონეცის გადაკვეთის ოპერაციები ომის მსვლელობის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება.

  • არსებულ პოზიციებზე წარმატების მისაღწევად რუსეთს ან ოპერაციის დასრულება ან მდინარის გადაკვეთა მოუწევს.

უკრაინის ცნობით, ქალაქის, დაახლოებით, მესამედს ისევ თავად აკონტროლებენ, თუმცა ვითარება ფრონტის ხაზზე დაძაბულია.

  • ლუგანსკის ოლქის რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი გაიდაის განცხადებით, ოკუპანტებმა გაანადგურეს ხიდი, რომელიც სევეროდონეცკს ლისიჩანსკთან აკავშირებდა.
  • მისივე თქმით, თუ ახალი დაბომბვების შედეგად, კიდევ ერთი ხიდი გადანდგურდება, ქალაქიდან მანქანით გასვლის საშუალება აღარ იარსებებს.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სევეროდონეცკზე კონცენტრირებით რუსეთი დაუცველი ხდება ხერსონის ოლქში.

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადებით, ხერსონი რუსეთისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგან ეს უკრაინის ერთადერთი ტერიტორიაა, სადაც რუსული ძალები მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე არიან გამაგრებულები.
  • ISW-ის შეფასებით, თუ უკრაინა ხერსონში პოზიციებს აღიდგენს, სამომავლო თავდასხმების დროს თავის დაცვის უფრო ძლიერი შანსები შეექმნება.

არქივიდან: 22 აპრილს რუსეთმა ომის მეორე ფაზის მიზნები დაასახელა.

  • ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, სრულად დაამყარონ კონტროლი დონბასზე;
  • მეორე ეტაპი, ასევე, მოიცავს სამხრეთ უკრაინაზე კონტროლის დამყარებას, რაც უწყების განცხადებით, კიდევ ერთი გზა იქნება დნესტრისპირეთისკენ.