მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, დედამიწის შიდა ბირთვი მოძრაობის მიმართულებასა და სიჩქარეს ციკლურად იცვლის, რაც დღის ხანგრძლივობაზეც ახდენს გავლენას. მათი ეს მიგნება სეისმურ მონაცემებს ეფუძნება.

"უკანასკნელი დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ 1969-71 წლებში შიდა ბირთვი შედარებით ნელა ბრუნავდა, 1971-74 წლებში კი მოძრაობის მიმართულება შეიცვალა. ასევე, როგორც მოსალოდნელი იყო, დღის ხანგრძლივობაც იზრდებოდა და მცირდებოდა", — აცხადებენ სპეციალისტები.

ჩვენი პლანეტის ეს ნაწილი გამყარებული ვერცხლის ცხელი და მკვრივი სფეროა, რომლის უშუალო შესწავლაც, სიღრმიდან გამომდინარე, შეუძლებელია. ამის მიუხედავად, მეცნიერები მის მოძრაობას რამდენიმე დეკადის განმავლობაში არაპირდაპირი გზით აანალიზებდნენ. 1996 წელს გამოქვეყნდა პირველი კვლევა, რომლის თანახმადაც ბირთვი პლანეტის დანარჩენ ფენებზე სწრაფად ბრუნავდა, ახალმა ნაშრომმა კი საპირისპირო მაჩვენებლები გამოავლინა.

ფოტო: Edward Sotelo/USC

ავტორებმა, სეისმური სისტემის LASA მონაცემების მეშვეობით, არქტიკის რეგიონში მდებარე რუსულ არქიპელაგზე 1971–74 წლებში საბჭოთა მიწისქვეშა ატომური ბომბის აფეთქებებით გამოწვეული ტალღები შეისწავლეს და იგივე მეთოდი უფრო ადრეულ, 1969-71 წლების აფეთქებებზეც გამოცადეს.

მათ დაასკვნეს, რომ დედამიწის შიდა ბირთვი იმაზე ნელა ბრუნავდა, ვიდრე აქამდე პროგნოზირებდნენ, კერძოდ, წელიწადში 0.1 გრადუსით. ასევე, აღმოჩნდა, რომ მან მიმართულებაც შეიცვალა, წელიწადში სულ მცირე მეათედი გრადუსით.

ესაა პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი 6-წლიანი ციკლი პირდაპირი სეისმური დაკვირვებით გამოვლინდა. რაც შეეხება ამ დროის განმავლობაში დღის ხანგრძლივობის სხვაობას, ის ± 0,2 წამს შეადგენს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.