უკრაინის რეგიონული პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ბუჩას მახლობლად, საფლავში ხელ-ფეხშეკრული 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

რა მოხდა: კიევის რეგიონული პოლიციის უფროსის, ანდრი ნებიტოვის განცხადებით, ოკუპანტებმა მოქალაქეები ჯერ აწამეს, შემდეგ კი მოკლეს.

  • საფლავი აღმოაჩინეს იმ მხარეში, სადაც რუსული ჯარები იყვნენ განლაგებული, სოფელ მიროცკესთან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კიევის ოლქის ნაწილი, მათ შორის ქალაქი ბუჩა, რამდენიმე კვირის მანძილზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ იყო ოკუპირებული.

  • ოკუპანტების გასვლის შემდეგ ქალაქში ასობით ადამიანის ცხედარი იპოვეს. ზოგიერთ მათგანს ხელები ჰქონდა შეკრული.
  • უკვე აღმოჩენილია არაერთი მასობრივი საფლავი, ნაწამები და მოკლული ადამიანებით.

მსოფლიო რუსეთის მიერ ბუჩაში ჩადენილმა ომის დანაშაულებებმა შეძრა. ქალაქის გათავისუფლების შემდეგ არაერთი ქვეყნის ლიდერი ეწვია ბუჩას და თავად ნახა ის, რაც რუსეთმა იქ ჩაიდინა.

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თქმით, ის, რაც ვნახეთ ბუჩაში, არაა შემთხვევითი მოქმედება, ესაა მიზანმიმართული კამპანია მკვლელობის მიზნით.
  • ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წერდა, რომ შეძრწუნებულია ბუჩაში ნანახი საშინელებებით.

უკრაინა ამბობს, რომ რუსების მიზანი, რაც შეიძლება მეტი უკრაინელის განადგურებაა. საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ბუჩა მხოლოდ აისბერგის წვერია.

  • "დიდი მწუხარებით შემიძლია გითხრათ, რომ მარიუპოლში გაცილებით უარესი მდგომარეობაა".

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა ომის დანაშაული არაერთხელ ჩაიდინა. მათ შორის, ყველაზე გახმაურებული ბუჩა და მარიუპოლი იყო.

  • 31 მაისის მონაცემებით, უკრაინა ოკუპანტების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის 14 000-ზე მეტ საქმეს იძიებს.
  • 8 ივნისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში "მწამებელთა წიგნი" ამოქმედდება, რომელშიც ომის დამნაშაულები იქნება დოკუმენტირებული.
  • Amnesty International ხარკოვში ომის დანაშაულის მორიგ შემთხვევაზე საუბრობს.