უკრაინული მხარე მარიუპოლის მცველების ცხედრების დაბრუნებაზე მუშაობას აგრძელებს. დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტროს ინფორმაციით, მებრძოლების ცხედრები გაცვლის გზით დაიბრუნეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ალყაში მოქცეული მარიუპოლის მცველები ქალაქს დიდი ხნის განმავლობაში არ უთმობდნენ რუსეთის არმიას. მათი თავგანწირვა მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი გახდა.

  • აზოვსტალის ტერიტორია მებრძოლებმა რუსეთთან შეთანხმებით დატოვეს და ქარხანას საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ, ამიტომ უკრაინას ცხედრების თავად გადმოსვენების საშუალება არ ჰქონდა.

რა ხდებოდა მანამდე: საერთაშორისო მედიაში 7 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რომ რუსეთმა აზოვსტალის ქარხანაში დაღუპული სამხედროების ცხედრების უკრაინისთვის გადაცემა დაიწყო.

  • მალევე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ მარიუპოლის 210 მცველის ცხედარი დაიბრუნეს.

ამბავი არქივიდან: მარიუპოლი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაში იყო. ქალაქს აზოვსტალში მყოფი სამხედროები იცავდნენ. 86 დღის შემდეგ კი, ქალაქის მცველებმა, სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება მიიღეს. ახლა ისინი რუსეთის სამხედრო ტყვეები არიან, თუმცა მათი გაცვლის საკითხი თავიდანვე დაისვა.