ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველომ კი რეკომენდაციის მისაღებად პირობები მიიღო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნები არიან. მათი გზა ევროპულ ინსტიტუტებამდე 2016 წლიდან ერთად მოდის.

  • თუმცა როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად "ოცნების" მტკიცებისა, რომ საქართველო ამ სამ ქვეყანაში მოწინავეა, პარტნიორი ქვეყნები ევროინტეგრაციის გზაზე უფრო წინ არიან.

რა ითქვა უკრაინაზე: რეკომენდაცია უკრაინამ მიიღო იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს.

  • კომისიის ხედვით, უკრაინამ მათი მისწრაფება, რომ გაჰყვეს ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს, ნათლად წარმოაჩინა.
  • უკრაინას ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, ასევე მათმა საარჩევნო სისტემამ დაამტკიცა, რომ სამართლიანი და თავისუფალია.
  • ლაიენმა დადებით კონტექსტში ახსენა, ასევე, ომამდე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა.
  • ამასთან, ევროკომისიის დასკვნით, უკრაინას ბევრი რჩება გასაკეთებელი კანონის უზენაესობის, დეოლიგარქიზაქციის, ანტიკორუფციული მუშაობის განხრით.

რა ითქვა მოლდოვაზე: უკრაინის მსგავსად, მოლდოვაზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად რეკომენდაცია გაიცა იმ პირობით, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებს.

  • ლაიენის თქმით, მოლდოვამ უახლოეს წარსულში გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები რეფორმების მიმართულებით.
  • ევროკომისიის დასკვნით, მოლდოვას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, მაგალითად საჯარო ადმინისტრირების სფეროში.
  • თუმცა მათივე თქმით, თუ ქვეყნის ლიდერები სწორ გზაზე დარჩებიან, მოლდოვას აქვს პერსპექტივა, რომ შეასრულოს მოთხოვნები.

რა ითქვა საქართველოზე: საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, თუმცა ვერ მიიღო რეკომენდაცია, თუმცა მანამდე უნდა შეფასდეს, რამდენად აკმაყოფილებს მთელ რიგ პირობებს.

  • ლაიენის განმარტებით, საქართველო პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, შეიმუშავოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ.
  • მისივე თქმით, საქართველოზეა დამოკიდებული — გადადგას აუცილებელი ნაბიჯები წინსვლისთვის, გაერთიანდეს პოლიტიკური მხარე.
  • სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა საქართველოს ყოვლისმომცველი პრიორიტეტები დაუსახელა. ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.
  • ევროკომისია აცხადებს, რომ ყველაფერი საქართველოს ხელშია.

რას პასუხობენ ქართულ ოცნებაში: ირაკლი კობახიძეს ესმის, რომ მაღალი ალბათობით, საბჭოს გადაწყვეტილება კომისიის დასკვნასთან იქნება თანხვედრაში, ანუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

  • მიუხედავად ბოლოდროინდელი პოლიტიკური კრიზისისა, კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ ყველა გაზომვადი პარამეტრით საქართველო ასოცირებული ტრიოს ორივე ქვეყანას წინ უსწრებს.