ტელეკომპანიის ინფორმაციით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები ყვიროდნენ, რომ არ მოსწონთ TV პირველის სარედაქციო პოლიტიკა. მათივე თქმით, ოპერატორს სცემეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო წლებში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური ძალადობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

  • TV პირველის გადამღებ ჯგუფებს აგრესიულად განწყობილი პირები აქამდეც არაერთხელ დასხმიან თავს.
  • არასამთავრობო და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლების რიტორიკა მედიაზე ძალადობას ახალისებს.

დეტალები: ტელეკომპანიის განცხადებით, ინციდენტი 26 მაისის პარკის მომდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ოპერატორი პირდაპირ ეთერში სტუმრად უფლებადამცველ ციალა ქათამიძეს რთავდა, რა დროსაც თავს დაესხნენ.

  • ადგილზე მყოფი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ თავდამსხმელი 2 ადამიანი იყო, შემდეგ კი მათ რამდენიმე პირი დაემატა.
  • "თქვენი ოპერატორი თავის შვილებთან ერთად იდგა კამერასთან ემზადებოდა ჩართვისთვის. ამ დროს პარკიდან გამოვიდა 2 ახალგაზრდა და ხმამაღლა კითხეს, ეს გავიგონე, რადგან მე და ციალა მოშორებით ვიდექით — TV პირველი არისო — კი არისო და ამის შემდეგ ავტომატურად დაიწყეს გინება".
  • "ამას მოყვა რეაგირება ოპერატორის მხრიდან, ნუ იგინებით ბავშვები არიანო. ამის შემდგომ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ".

დამატებითი ინფორმაციისთვის On.ge ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.