ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ კიევს მეორედ სტუმრობდა, უკრაინის დასახმარებლად საჭირო ნაბიჯებზე ისაუბრა. ბორის ჯონსონის თქმით, სანამ ვლადიმერ პუტინი თავის ილუზიებზე ფიქრობს, პარტნიორები ამ გეგმის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 116-ე დღეა უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან ომს იგერიებს და კრემლის ამბიციების მიუხედავად, დანებებას არ აპირებს.

  • თუმცა, უკრაინელი ლიდერები რუსების აღჭურვილობით და რიცხვით უპირატესობაზე აქტიურად საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა დახმარება უნდა გააძლიერონ.

ჯონსონი აღნიშნავს, რომ არცერთი ეს ნაბიჯი მყისიერ შედეგს არ გამოიღებს, თუმცა საჭიროა. ამ გეგმის მთავარი მიზანია, გაძლიერდეს უკრაინა და ომი იმ პირობებით დასრულდეს, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ წამოაყენა.

პირველი პუნქტი უკრაინის იარაღებით, სამხედრო აღჭურვილობით, საბრძოლო მასალითა და წვრთნებით უზრუნველყოფას გულისხმობს. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ახლა იმაზე სწრაფად უნდა იმოქმედონ, ვიდრე ოდესმე.

  • ამიტომ გაერთიანებული სამეფო გეგმავს, იმუშავოს მეგობრებთან ერთად, რათა უკრაინული ძალები მათი ქვეყნის დასაცავად მოამზადოს.
  • ჯონსონის თქმით, 120 დღეში 10 000 სამხედროს გადაამზადებენ.

მეორე პუნქტის თანახმად, უნდა დაეხმარონ უკრაინას, რათა სახელმწიფომ სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნოს, გასცეს ხელფასები, მართოს სკოლები და მოახერხოს რეკონსტრუქცია.

  • "ამას მუდმივი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა დასჭირდება, რომლის შენარჩუნებაც მომდევნო წლებისთვისაც უნდა დავგეგმოთ".
  • "ევროკავშირს ამაში გადამწყვეტი როლის აქვს, ამიტომ მივესალმები, რომ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერები ხუთშაბათს კიევს ეწვივნენ".

მესამე უკვე არსებული, ალტერნატიული სახმელეთო გზების გააქტიურებას გულისხმობს, რადგან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა უკრაინას საექსპორტო გზები დაუბლოკა.

  • ჯონსონი აღნიშნავს, რომ ამით უკრაინის ეკონომიკის ფუნქციონირების გაგრძელება იქნება შესაძლებელი.

მეოთხე სურსათის ექსპორტის აღდგენაა. ბორის ჯონსონი მიუთითებს, რომ ბრიტანეთი საზღვაო ექსპორტის აღსადგენად გაეროს მოლაპარაკებებს მხარს უჭერს.

  • მისი თქმით, უკრაინის პორტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ბრიტანეთი გააგრძელებს ისეთი იარაღების მიწოდებას, რაც მათ დასაცავად იქნება საჭირო.