მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა, ჩვენი ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სწორედ ამიტომ, სიმბოლურ დღეს სიმბოლურ ადგილას საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს საკუთარი ევროპული არჩევანი.

ფოტო: On.ge

რუსთაველის გამზირზე ათი ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. ყველაზე შორს ასული დრონებიც კი ადასტურებდა, რომ აქციაზე "200-ზე მეტი" ადამიანი იყო. ზუსტი რაოდენობის გაგება შეუძლებელია, თუმცა არსებობს მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დაახლოებითი რაოდენობა გავიგოთ.

სპეციალური პლატფორმის მიხედვით, რომელიც სივრცისა და სიმჭიდროვის გათვალისწინებით დათვლის საშუალებას იძლევა, რუსთაველზე 20 ივნისს შეკრებილთა რაოდენობა, სავარაუდოდ, 100 000-ს აღმატებოდა.

აქცია შინ ევროპისკენ

ფოტო: On.ge

დეტალები: როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ის ჟურნალისტები იუწყებიან, შეკრებილები გადანაწილებული იყვნენ თავისუფლების მეტრომდე, ასევე, ხალხი იდგა 9 აპრილისა და ჩიტაძის ქუჩების დასაწყისში.

  • რაც შეეხება მეორე მხარეს, ჩვენი კორესპონდენტების ცნობით, რუსთაველის გამზირზე ხალხი იდგა სასტუმრო ბილტმორამდე, ამ ტერიტორიის მიღმა კი შედარებით ნაკლები ადამიანი იყო.
  • სხვადასხვა მედიის გადაღებული კადრებიც ადასტურებს, რომ მოქალაქეები არამხოლოდ პარლამენტის წინ, არამედ რუსთაველის გამზირზე ფართო ტერიტორიაზე იყვნენ განაწილებული.
  • ეს რიცხვი მივიღეთ იმის გათვალისწინებით, რომ ხალხის რაოდენობა ქაშუეთის ეკლესიასა და მოსწავლე ახალგაზრდობის ტერიტორიას სცდებოდა.

ფოტო: კადრები ვიდეოდან / ფორმულა

შედეგად, თუ ვივარაუდებთ, რომ ქაშუეთის ეკლესიიდან მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე მაქსიმალური სიმჭიდროვე იყო, პლატფორმა გვაძლევს საშუალებას, 1კვადრატულ მეტრზე 5 ადამიანი ავიღოთ. ამ გამოთვლით გამოდის, რომ მხოლოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 50 000-ზე მეტი ადამიანი იყო.

  • დანარჩენ სივრცეებში კი სიმჭიდროვე განსხვავებულია და განლაგების შესაბამისად გათვალისწინებულია 2-3 ადამიანი.

რას ამბობენ მედიები: Aljazeera წერს, რომ "საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფრიალით" პარლამენტთან დაახლოებით 60 000 დემონსტრანტი შეიკრიბა.

  • იგივე რიცხვზე საუბრობს Euronews, RFI და Barrons.
  • ნეტგაზეთი შეკრებილთა სავარაუდო მინიმუმად 120 000 ადამიანს ასახელებს, მათი გამოთვლით, შესაძლოა, პარლამენტთან მაქსიმუმ 160 000 დემონსტრანტი იყო.

განსხვავება მონაცემებს შორის შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული.

  • პირველი არის ათვლის დრო, რადგან დღის განმავლობაში აქციაზე სხვადასხვა რაოდენობის ადამიანი იყო.
  • მეორე მიზეზიც აქედან გამომდინარეობს და შესაძლოა, იმ დროს კონკრეტულ ლოკაციებზე განსხვავებული სიმჭიდროვე დაფიქსირებულიყო.