პარლამენტის დღევანდელი სხდომა ხმაურის, კამათისა და შეძახილების ფონზე წარიმართა. მიზეზი პრემიერმინისტრის გამოსვლა გახდა, რომელმაც საპარლამენტო ტრიბუნა ოპონენტების სალანძღავად და ბიძინა ივანიშვილის საქებრად გამოიყენა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია პოლარიზაციის დაძლევაა, რასაც პრემიერის რიტორიკა ხელს ნამდვილად არ უწყობს.

  • ღარიბაშვილი იყენებდა სიძულვილის ენას, მისი ფრაზები კი შეურაცხმყოფელი იყო.

დეტალები: მთავრობის მეთაურმა ოპონენტებს საცოდავები უწოდა და თქვა, რომ "ყველა სამკურნალოა". ამის ფონზე კი ივანიშვილი უკიდეგანო ქველმოქმედად მოიხსენია.

  • "ექიმს ხომ არ დავუძახოთ?ექიმი ხომ არ გჭირდებათ ქაბატონო ხატია? წამალი არ გაქვთ, წამალი, მიუტანეთ დაამშვიდეთ" — თვა მან და ირონიულად ჩაიცინა.
  • "ნუ ყვირიხარ ბიჭო, არაფრის მაქნისი ხარ. საცოდავი ადამიანი ხარ ჩვეულებრივი. მანიაკების მხარდამჭერი ხარ", — განაცხადა და დაამატა, "მიდი და გამოიქანე".
  • "არარაობა ხარ, შენ ხარ არარაობა. ჩუმად იყავი".
  • "სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და თხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი, იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს".

ირონიული მიმართვებისას პრემიერმინისტრი იღიმოდა და მცირე პაუზას იღებდა მაშინ, როცა თანაგუნდელები ტაშს უკრავდნენ. შემდეგ ისევ ოპოზიციის შეურაცხყოფას აგრძელებდა.

  • "საცოდავები ხართ, საცოდავები".
  • "აკო, აკუნა, ნუ არტისტობ, არ გინდა ახლა. ნუ არტისტობ, ნუ არტისტობ, ნუ არტისტობ".
  • "დაწყნარდით, წამალი დალიეთ რაღაც, დამამშვიდებელი".
  • "ოო, ეს, ეს გასაყვანია საავადმყოფოში".
  • "შე საცოდავო, თქვენ წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას, ხაბეიშვილო შენ და ყველანი".

ამის ფონზე, ტრადიციულად, აქებდა მისი პარტიის დამფუძნებელს, რომელსაც საქართველოს ყველაზე დიდ ქველმოქმედად ახასიათებდა.

  • "ბატონი ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის მმართველობის დროს მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას".
  • "რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, დღეს აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მაროიუპოლს, თქვენ გაწირავდით ქვეყანას და ხალხს, დაანგრევინებდით და გაყიდდით საქართველოს".

პოლარიზაციის დასრულებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა და მედიამ დაინახა, "როგორი სურვილი აქვთ ჩვენს ოპონენტებს პოლარიზაციის დასრულების. თან თანაგუნდელებისგან ქება და მადლობაც დაიმსახურა.

  • დავით მათიკაშვილი: "მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოხსენებისთვის და კიდევ მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რაშიც დარწმუნებული ვარ, მილიონობით ჩვენი საზოგადოების წევრი შემომიერთდება — მადლობა საკუთარი სამშობლოსა და ხალხის სიყვარულისთვის".
  • მარიამ ლაშხი: "ბატონო ირაკლი, მინდა, პირველ რიგში, მადლიერებით დავიწყო იმ თმენისთვის და მტკიცედ ჩვენი ეროვნული ინტერესის დაცვისთვის".
  • რიმა ბერაძე: "დიდი მადლობა და გამძლეობას გისურვებთ".

შალვა პაპუაშვილმა პრემიერის ამ ფრაზების ფონზე არაერთი შენიშვნა მისცა ოპოზიციონერებს, რომლებიც მიკროფონის გარეშე ლაპარაკობდნენ და ღარიბაშვილს უყვიროდნენ. ისიც თქვა, რომ სირცხვილია პარლამენტში ზრდილობაზე ისაუბროს და რამდენჯერმე მოუწოდა მანდატურებს, ოპოზიციის დეპუტატებთან მისულიყვნენ.

  • "ალბათ, ვერ გაიგო ბატონმა შალვამ ამიტომ მინდა მას ვთხოვო, ჰკითხოს პრემიერს, რას გულისხმობდა, როცა მის კოლეგას ასე მიმართა, მოდი და გამოექანეო", — ჰკითხა პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა, თამარ კორძაიამ.

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მაშინ, როცა 20 ივნისის აქციაზე ხალხმა აჩვენა ზრდილობა და ერთმანეთის პატივისცემა, დღეს პარლამენტი საპირისპიროდ მოიქცა. მისი თქმით, შემაშფოთებელია ის, რაც მოისმინა — დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა და "ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა".

  • "არ ვიცი, [სხვა] თუ რამე შეიძლება, ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სიგნალს და ნეგატიურ გზავნილს".
  • "ჩვენ ყველაზე კარგები ვართ თურმე, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ, რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა — ანუ აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თან თავისი შინაარსით".