20 ივნისის აქცია ყოველ წელს ხდება განხილვის საგანი. ჯერ კიდევ 2019 წლიდან სახელისუფლებო პროპაგანდა და მათთან დაკავშირებული გვერდები აქტიურად ცდილობენ, რომ სამოქალაქო პროტესტის დისკრედიტაცია მოახდინონ. თუმცა, წლევანდელი აქცია, განსაკუთრებული სამიზნე გახდა, რადგან თავიდანვე მოსალოდნელი იყო, რომ მასშტაბური იქნებოდა.

მმართველმა გუნდმა არაერთგზის და სხვადასხვა ტრიბუნიდან სცადა პროტესტი ნაციონალურ მოძრაობასთან დაეკავშირებინა. მაშინაც კი, როცა სოციალურ ქსელში ენმ-ს მხარდამჭერებსა და აქციის ორგანიზატორ აქტივისტებს შორის კამათი დაიწყო, ქართული ოცნების წევრები იმეორებდნენ, თითქოს პროტესტს ენმ მართავს.

ტრადიციულად, მმართველი გუნდის რიტორიკა და ნარატივები აიტაცეს მათთან დაკავშირებულმა ტროლგვერდებმა. მარტივი დაკვირვებით აღმოაჩენთ, რომ ეს ქმედება კოორდინირებულია, რადგან ერთი და იმავე მესიჯბოქსებს, მანიპულაციურ-ფოტო ვიდეოებს ავრცელებენ.

მოქმედების პრინციპი: ამ გვერდების აქტივობა რამდენიმე ეტაპად შეიძლება დავყოთ. აქციის დაგეგმვის პროცესში მათი რესურსი ორგანიზატორებისა და აქტივისტების დისკრედიტაციაზე იყო მიმართული. ამისთვის კი ყველაზე "გამოცდილი" ნარატივი მათი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებაა. ამ მხრივ იაქტიურეს გვერდებმა პოლიტიკური აბსურდი, პოლიტიკური სატირა და ტერენტი გლდანელი, რომლებიც ადრეც ავრცელებდნენ სახელისუფლებო ნარატივებს.

ერთნაირი შინაარსის პოსტები გამოქვეყნდა გვერდებზე პოლიტიკური აბსურდი და ტერენტი გლდანელი. ერთ შემთხვევაში აქტივისტების წინააღმდეგ, მეორე კი ხელისუფლების რიტორიკას იმეორებდა იმაზე, რომ საქართველოში ოლიგარქი არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ ოპოზიცის ლიდერები არიან.

ეს აქტორები ჰომოფობიური მოტივით ეკვე წლებია ცდილობენ ლგბტ აქტივიზმზე ხაზგასმას და სიძულვილის გაღვივებას. მაგალითად, კრიტიკით წერენ, რომ აქციის მონაწილეები ლგბტ აქტივისტები არიან და ამით ძალადობრივი პარტიების ელექტორატზე ცდილობენ გასვლას.

ამ შემთხვევაში მათ დისკრედიტაცია ყალბი, დამონტაჟებული კადრების დასპონსორებით სცადეს. კერძოდ, ორმა გვერდმა, მიშინგი და პოლიტიკური აბსურდი გაავრცელა ერთი და იგივე შინაარსის ვიდეო წარწერით "რეალური 20 ივნისი". ვიდეოს თავდაპირველი ვერსია აქტივისტებმა ჩაწერეს იმის საჩვენებლად, რამდენად მნიშვნელოვანია აქციაზე თითოეული ადამიანის გასვლა. ტროლებმა წამოიღეს გახმოვანება და შეცვალეს კადრები.

ვიდეოს კარგად თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ რომ ერთ-ერთ კადრში ლგბტ აქტივისტებს მიხეილ სააკაშვილის ფოტო უჭირავთ ხელში. ის დამონტაჟებულია და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

ფოტო 20019 წელს არის გადაღებული შსს-სთან, სადაც თბილისი პრაიდის აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა არც ფრაზა და არც პოსტერი #თავისუფლებამიშას.

კადრს ერთი შეხედვითაც ეტყობა მონტაჟი, თუმცა თუ დამატებითი მტკიცებულება გსურთ, იმავე დღეს გადაღებული სხვა კადრი ნახეთ, სადაც აქტივისტებს ხელში უჭირავთ პოსტერი "არა ტრანსფობიას".

უმეტესად ასეთი გვერდები მანიპულაციურ, დამონტაჟებულ ან კონტექსტიდან ამოგლეჯილ თემებზე არიან ორიენტირებული. თუმცა, არის შემთხვევები, როცა მიმებს ან სატირას იყენებენ. აი, მაგალითად "ფსევო-ლიბერალებზე" გაკეთებული მიმი ორ მსგავს გვერდზე გავრცელდა, მათგან ერთ-ერთმა დაასპონსორა კიდეც.

დამსწრეთა რაოდენობა — კიდევ ერთი აპრობირებული მეთოდია, რომელითაც აქამდე აქციების გაუფასურებას ცდილობდნენ. ამჯერადაც იმის წარმოჩენას უნდოდათ, თითქოს აქცის ბევრი მხარდამჭერი არ ყავს.

იმავეს აკეთებდნენ პროსახელისუფლებო მედიებიც, სანამ ყველაზე შორს ასულმა დრონმაც არ დაადასტურა, რომ რუსთაველზე მართლა ბევრი ადამიანი შეიკრიბა. რეალობა ასეთი იყო:

ფოტო: On.ge

აღსანიშნია ისიც, რომ აქციის მასშტაბების ნახვის შემდეგ მმართველი გუდნის რიტორიკაც კი შეცვალა და აქცია, რომელსაც ნაცებს აბრალებდნენ, უცებ მათი მხარდამჭერების შეკრების ადგილად იქცა.

მესამე ნაბიჯი კი აქციის მონაწილეების დისკრედიტაციაა. ამჯერად, როგორც ჩანს, მთავარი სამიზნე სტუდენტები აღმოჩნდნენ და ყველაზე მეტი ენერგია სწორედ მათი გაშავების მცდელობებს მიუძღვნეს.

ვრცელდებოდა ინფორმაციები თითქოს ისინი აქციებზე ძალით მიიყვანეს, ასევე მათი კომენტარების დაჭრილი ვიდეოები, რომლებზეც ჰომოფობიური მოტივით დასცინოდნენ.

ასევე, ჰომოფობიური მოტივით თალიბანელმა კონსერვატორმა გავრცელდა ერთ-ერთ პრაიდფესტივალზე გადაღებული ვიდეო იმის მტკიცებით, თითქოს 20 ივნისის აქციის მონაწილეები არიან.

გარდა ამისა, არაერთ გვერდზე ერთი და იმავე შინაარსით გავრცელდა ფოტო-ვიდეოები, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ჩანან. ამით ისინი ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს აქცია არა ევროინტეგრაციის მოთხოვნით, არამედ ექსპრეზიდენტ მხარდასაჭერად იმართებოდა.

ამ თემატიკით ერთნაირი პოსტები გაავრცელეს გვერდებმა, მიშინგი და ტერენტი გლდანელი, ასევე, პოლიტიკური სატირა და მიშინგი.

ერთნაირი პოსტები ჰქონდათ გავრცლებული ტერენტი გლდანელსა და მიხეილ უკრაინოლოგსაც. ამ შემთხვევაში ისინი აქციაზე პეტრე ცაავას მისვლაზე აკეთებდნენ აქცენტს. ვინაიდან თავის დროზე ცაავას დისკრედიტაციაში დიდი რესურსი დახარჯეს, ახლა მათ აუდიტორიას იმას ანიშნებდნენ, რომ აქცია კარგი ვერ იქნება, თუ მას პატრიარქის კრიტიკოსი ესწრება.

დასპონსორებული პოსტები

წლების განმავლობაში ეს გვერდები კონტენტს სხვადასხვა ფეისბუქჯგუფით ავრცელებდნენ ან მათი ტროლების ანგარიშებზე აზიარებდნენ. მას შემდეგ რაც ფეისბუქმა რამდენიმე მასობრივი წმენდა განახორციელა და კოორდინირებული ქსელები გააქრო, როგორც ჩანს მოქმედების ახალ პრინციპზე გადავიდნენ და ბიუჯეტი პოსტების დასპონსორებაზე მიმართეს.

ფეისბუქის Ad Library-ის მიხედვით, ხსენებული გვერდებიდან აქციის საწინააღმდეგო პოსტებს 2, პოლიტიკური აბსურდი და სატირა ასპონსორებდა.

კომპანიის ინფორმაციით, პოლიტიკურ აბსურდს ბოლო ორ წელში რეკლამებში 3 485 დოლარი აქვს დახარჯული. აქვე მითითებულია, რომ რეკლამაში ნათელა კილაძე და რამაზ ბერიძე იხდიდნენ ფულს.

აქციის დისკრედიტაციის მიზნით სულ 4 პოსტია დარეკლამებული, 1 კი ევროკომისიის დასკვნის შემდეგ ანტიდასავლური ნარატივის გაღვივებას ემსახურება. თითოეულ პოსტში მაქსიმუმ 100 დოლარამდეა დახარჯული.

ფოტო: Facebook Ad Library

ფოტო: Facebook Ad Library

რაც შეეხება პოლიტიკური სატირას ბოლო 2 წელში 2 287 დოლარი დახარჯეს. ამ შემთხვევაში დამბუსტავად კონკრეტული პირი არ არის მითითებული.

ფოტო: Facebook Ad Library

აქციის წინააღმდეგ მათ 4 პოსტი დაარეკლამეს. ბიუჯეტი და სამიზნე აუდიტორია ამ შემთხვევაშიც იგივეა.

ფოტო: Facebook Ad Library

ფოტო: Facebook Ad Library

სხვა დარეკლამებული პოსტებიც უმეტესად აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული.